საქართველო

მიხეილ ჩხენკელი: „ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.

შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტის წინაშე დგას საერთო გამოწვევა – სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება. ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს.

„დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1 აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1 აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი გააგრძელონ 1 აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1 აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი, “ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა რექტორების დამატებით შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.