საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: 15 წლის წინ, ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული – ხალხი ახლაც დაანახებს მთელ მსოფლიოს საკუთარ თავმოყვარეობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ვარდების რევოლუციის” 15 წლისთავს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ რევოლუციიდან 15 წლის შემდეგ, ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც ქართველი ხალხი აუცილებლად გაუმკლავდება.

„დღეს არის გიორგობის დღე და ვარდებიის რევოლუციის 15 წლისთავი. გილოცავთ გიორგობას. 15 წლის წინ, ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული.

ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე დაუმარცხებელი იყო, რომ სისტემა იყო მუდმივი, რომ ქვეყანას არ ჰქონდა არანაირი პესპექტივა წარმატების მიღწევის და წინსვლის.

მაშინ ხალხმა ყველაფერ ამას – ამ უიმედობას ხაზი გადაუსვა და გაათავისუფლა ჩვენი ქვეყანა. „ვარდების რევოლუციამ“ საქართველო მყარად დააბრუნა მსოფლიო რუკაზე. „ვარდების რევოლუცია” იყო ჩვენი წარმატების – საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, საქართველომ დაიწყო წინსვლა, ქართველებმა დაიწყეს ქვეყანაში დაბრუნება. უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა. ახალი ქალაქები აშენდა. საქართველომ ირწმუნა საკუთარი ძალა. ეს ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხალხმა.

ახლა, 15 წლის თავზე, ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა – საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ შევარდანაძის ბევრი ძველი კადრი, ძველი სისტემა ბრუნდება. ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან.

მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩვენი ხალხი ახლაც დაანახებს მთელ მსოფლიოს საკუთარ თავმოყვარეობას, ღირსებასა და ყველას მართლაც განაცვიფრებს. საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა. მე უსაზღვროდ მწამს ქართველი ხალხის, ჩვენი ბრძოლისუნარიანობის, ჩვენი გამძლეობის, ჩვენი გადარჩენის, ინსტინქტის, ჩვენი გამარჯვებიკენ სწრაფვის.

წმინდა გიორგი იყოს ამ ყველაფერში ჩვენი მფარველი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ პრობლემებსაც. საქართველოს ყველაფერი გამოუვა, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.