საქართველო

მირიან ნიკოლაძე: „მოგვეხსენება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების ფსიქოლოგია, ამიტომაც არ გამიკვირდება, რომ კონფლიქტის მიზეზი იყოს უმნიშვნელო“

გიორგი შაქარაშვილის ნაცნობი და მეგობარი იყვნენ მხოლოდ გურამ ამირხანაშვილი და მასპინძელი გოგონა, დანარჩენი პირები იყვნენ გიორგისთვის უცნობი ადამიანები – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვლის ბიძამ, იურისტმა, მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„მათ გარდა ხუთი ადამიანი მან გაიცნო გზაზე მსვლელობისას, როდესაც ისინი ელოდებოდნენ ტაქსის გაჩერებას, რაც შეეხება ჩვენს კონტაქტს აღნიშნულ პირებთან, ჩემი კატეგორიული თხოვნა იყო და ოჯახის სურვილიც, რომ არცერთ მათგანთან პირად კონტაქტზე არ ვყოფილიყავით, რათა ხელი არ შეშლოდა გამოძიებას ან გარკვეული მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია ამ ყველაფერს, ამის გამო ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკონტაქტია და არ მოგვიპოვებია პირადად არანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა მან.

მისი განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


„არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები და მე ვვარაუდობ, რომ კიდევ დასჭირდება კვირაზე მეტი, ვინაიდან ეს უკავშირდება ლაბორატორიულ კვლევებს და სანამ სრული პროცედურა არ იქნება გავლილი, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია“ , – განაცხადა ნიკოლაძემ.


მისივე თქმით, პირველადი დასკვნით, გარდაცვლილს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა.


„პირველადი დასკვნით ბავშვს ჰქონდა დაზიანებები სხეულზე, სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ იმის კატეგორიული მტკიცება, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები, არის შეუძლებელი, შესაბამისად, მოგვიწია ამდენი ხნის მოლოდინში გადასვლა, ჩვენ- ოჯახსაც და თქვენც- საზოგადოებასაც“ ,- განაცხადა მან.


როგორც გარდაცვლილის ბიძა აღნიშნავს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, მოტივი შესაძლოა, ძალიან უმიშვნელო იყოს.


„მე როგორც ვიცი გადმოცემით, რაღაც DJ-ს საკითხთან დაკავშირებით იყო, თუ რაღაც მსგავსი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების ფსიქოლოგია და შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ მიზეზი იყოს ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ გიორგის არ მიუღია მონაწილეობა არც იმ კონფლიქტში, რომელიც წარმოიშვა დარბაზში და არც შემდგომ კონფლიქტში, რომელიც უკვე უკავშირდება ავტომანქანებით დამატებითი ხალხის მოსვლას“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, ისინი ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან.