საქართველო

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება

თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში დილის 08:00 საათზე გაიხსნა 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მომსახურება.

9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

დილის 07:00 სთ-დან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ცესკო-ს და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით.