საქართველო

მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია.

„საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად. მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას.

ასევე მადლობას ვუხდით ჟურნალისტებსაც, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

20 თებერვალს, აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.