აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ საწვავზე არსებული დაბალი ფასები აღდგება

საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.

ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დღეს, ათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩებში. სამშაბათს, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ საწვავზე არსებული დაბალი ფასები აღდგებოდა.

ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში, ნურსულთან ნაზარბაევი (მანამდე იგი ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის – ცეკას პირველი მდივანი იყო) მართავდა, ვიდრე 2019 წელს არ გადადგებოდა, პროტესტი იშვიათობაა.

ალმათის, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქის გარდა, დიდი დემონსტრაციები სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ალმათიში, დედაქალაქ ნურ-სულთანში და დასავლეთ პროვინცია მანგისტაუში. პრეზიდენტმა ასევე მთავრობის დათხოვნის განკარგულება გამოსცა. დროებითი მთავრობის ახალ მეთაურად პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალიხან სმაილოვი დაინიშნა.

სამშაბათს, ვიდეომიმართვისას, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროტესტანტების მიერ სამთავრობო ოფისებზე თავდასხმები „აბსოლუტურად არაკანონიერი“ იყო.

ყაზახეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებად თხევად გაზზე ფასების შეზღუდვის მოხსნამ სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია. პრეზიდენტმა ტოკაიევმა სამშაბათს, გვიან ღამით, „თვითერზე“ დაწერა, რომ „ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ საწვავზე დაბალი ფასი აღდგებოდა.

GUARDIAN.GE