საქართველო

მარია ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, რაც „ყველას არ მოსწონს საქართველოში და განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„როცა 2012 წელს „ქართული იცნების“ ხელისუფლებამ გამოავლინა დაინტერესება რუსეთთან ურთიერთობა იმ ღრმა კრიზისიდან გამოეყვანა, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რამაც ამ ბოლო წლებში, ყველასთვის ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა“, განაცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „Дождь“-თან ინტერვიუს დროს.

მან აღნიშნა, რომ აღდგა და მრავალმხრივ გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, განახლდა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები, მოიხსნა 2006 წლიდან დაწესებული შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით და სწრაფად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.

„იმედი ურთიერთობების გაუმჯობესების… არა მხოლოდ გამოჩნდა, არამედ წარმატებით იქნა რეალიზებული“, მიიჩნევს ზახაროვა.

იგი ასევე თვლის, რომ „ტატუნაშვილის საქმე“ ხელს ვერ შეუშლის ამ პოზიტიურ პროცესებს.

„ეს (ურთიერთობების გაუმჯობესება)  ყველას არ მოსწონს საქართველოში და განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ჩაეჭიდნენ „ტატუნაშვილის საქმეს“. მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციებისა ამ საქმის გარშემო, ურთიერთობების უკუსვლა ვერ შეძლეს“, აცხადებს ზახაროვა.

რაც შეეხება თავად „ტატუნაშვილის საქმეს“, ის საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ „სამხრეთ ოსეთთან“ უნდა განიხილოს, მიიჩნევს ზახაროვა.