საქართველო

მამუკა ბახტაძე – საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე

“საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე”, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების მოსაზრებების გაზიარება, იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან რა კეთდება სწორად და რა შეცდომებია ამ მიმართულებით.

„მე ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. მხოლოდ ადმინისტრაციული გზით ის შედეგი არ გვექნება, რომელიც გვსურს. საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა და მე მსურს, ეს ყველაფერი ისტორიას ჩავაბაროთ. მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, თქვენგან მიღებული იდეებით, კრიტიკით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ სხვადასხვა რეფორმა განვახორციელოთ იმ გზით, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მორგებული თქვენს ინტერესებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეების და ფერმერების წახალისება მოხდეს.

„როდესაც მე ამირჩიეს პრემიერ-მინისტრად, ბევრ თქვენგანს შეიძლება ახსოვდეს ის ხუთი პრინციპი, რომელზეც დავაფუძნე ჩვენი სამთავრობო პროგრამა. მათ შორის, წამყვანი როლი ჰქონდა ახალგაზრდულ ეკონომიკას. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ არის ახალგაზრდული ენერგია, ხედვა, გაბედული ნაბიჯები, არსებული სტატუს-კვოს უარყოფა, ამბიციური ხედვა, არა თუ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს არ ექნება წარმატებული მომავალი 21-ე საუკუნეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ხშირად სოფლის მეურნეობის სფეროს არაობიექტური კრიტიკის გამო არ ხდება სწორი ანალიზი, თუ რა პრობლემები და პერსპექტივები აქვს აღნიშნულ დარგს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დარგის განვითარებაზე უარყოფითად აისახება, როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა მის მიერ მოყვანილ პროდუქციას მხოლოდ პირადად მოიხმარს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სოფლის მეურნეობის სფერო პერსპექტიული და წარმატებული, როდესაც ფერმერი ბაზარზე პროდუქციის  რეალიზაციას მოახდენს და შემოსავალს მიიღებს.

„ამ დარგს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს ყველა სხვა სფეროსთან შედარებით, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, თუმცა ეს დარგი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9 პროცენტს გამოიმუშავებს. ეს არის ამავე დროს წყარო ჩვენი ერთ- ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის – სიღარიბის. მაგრამ ეს არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო – როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მის მიერ მოყვანილ პროდუქციას მხოლოდ პირადად მოიხმარს. ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა, მაგრამ სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფერმერებმა შექმნან პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია ბაზარზე, მიიღონ შემოსავალი და ეს შემოსავალი შემდეგ თავიანთი სურვილის მიხედვით მოიხმარონ, აი აქ არის სწორედ წარმატების ფორმულა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარწყავი სისტემებით სასოფლო-სამეურნეო მიწების სულ რამდენიმე პროცენტი ირწყვებოდა და ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა.

„ამ ნაწილში იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ 200 000 ჰექტრამდე ავიდეთ და მე გპირდებით, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. იცით, რომ ეს ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არის წინაპირობა, რომ ეს სექტორი იყოს წარმატებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სექტორში სავაჭრო დეფიციტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეძლო, რომ 900 მილიონიანი სავაჭრო დეფიციტი 300 მილიონამდე შეემცირებინა.

„სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის, იყო 900 მილიონი. ანუ 900 მილიონით მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემოგვქონდა, ვიდრე ხდებოდა ექსპორტი. ეს არის უზარმაზარი დეფიციტი. ჩვენ შევძელით და შარშან ეს დეფიციტი 300 მილიონზე ჩამოვიყვანეთ. რომ არა ის უზარმაზარი ზიანი, რაც მოგვაყენა აზიურმა ფაროსანამ, შესაძლებელი იყო, რომ წელს განულებული დეფიციტი გვქონოდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული.

„ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, მას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სფერო, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში ის იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. აქ ბუნებრივია, არის განათლების კომპონენტი – ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველოში ყველა სექტორი იქნება წარმატებული. მოგეხსენებათ, რამდენი ათასი პროფესიონალი გვაკლია სოფლის მეურნეობის სექტორში. რომ იყოს ეს ცოდნა, გამოცდილება, წვდომა ტექნოლოგიებზე, ეს დარგი იქნებოდა გაცილებით წარმატებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის წარმატება გადის ორგანულ, ბიო წარმოებაზე და ამ მიმართულებით ქვეყანამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.

„ჩვენ გვაქვს ფიზიკური შეზღუდვები და ვიცით, რომ ჩვენ სხვადასხვა კულტურის ისეთი მასობრივი მწარმოებლები ვერ ვიქნებით, როგორიც არის სხვა უფრო დიდი მიწის მქონე ქვეყნები. მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური ბუნება და საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჰქონდეს წარმატებული მწვანე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ, როგორც ორგანული, ბიო წარმოება. მსოფლიო მასშტაბით ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და ეს არის სწორედ ჩვენი ნიშა. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგრო პროდუქცია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ამას სჭირდება ერთობლივი ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში, ამას სჭირდება ის, რომ სახელმწიფომ გაუხსნას ფერმერებს საერთაშორისო ბაზრები. ჩვენი ბაზარი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ არა მხოლოდ ეს დარგი, არამედ ზოგადად, ეროვნული ეკონომიკა განვითარდეს უფრო სწრაფი ტემპებით და ამიტომაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური გზით. რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარი არის უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე ევროკავშირთან და ჩინეთთან და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ყველაზე მსხვილ ეკონომიკასთან მსოფლიოში.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროს თანადაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ დარგის განვითარებისთვის, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს,  სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებს გააგრძელებს.

„როდესაც ისმის კითხვა, რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდაჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ერთგვარი სუბსიდიაა. ამაზე მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი – შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა. ასევე შარშან, კახეთში ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მევენახეობას ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა. მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პროგრამას, პირიქით, მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს არაეფექტური, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი – ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს დავალება, რომ წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და რა თქმა უნდა, 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.