აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები ინდოეთის ოკეანეში დასრულდა

„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებულ შტატებში ბაზირებული კერძო კომპანია „Ocean Infinity“-ი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის დიდ ფართობზე 90-დღიანი ძებნითი სამუშაოების განსახორციელებლად ღრმაწყლოვან საზღვაო ხომალდს იყენებდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მალაიზიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას ახალი ძებნითი სამუშაოების ჩატარების გეგმები არ გააჩნია.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა და დღემდე აღნიშნული რეისის ბედი სრულიად ბუნდოვანია. ბორტზე მყოფთა ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ მათ სურთ სამძებრო სამუშაოების გაგრძელება.

BBC-ის ცნობით, თვითმფრინავს 153 ჩინელი და 38 მალაიზიელი გადაჰყავდა. სხვა მგზავრები ირანიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ინდონეზიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, ახალი ზელანდიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ტაივანიდან და ნიდერლანდებიდან იყვნენ. ეკიპაჟის 12-ივე წევრი კი მალაიზიელი იყო.

გაუჩინარებული თვითმფრინავის წყლის ქვეშ ძებნა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის ტერიტორიაზე ჩატარდა და მან ინდოეთის ოკეანის 120 000 კვ.კმ. მოიცვა.

თვითმფრინავის ნაწილების ნამსხვრევები მადაგასკარზე იქნა ნაპოვნი, მაგრამ ავიალაინერის ძირითად ნაწილს ვერ მიაგნეს.

ოფიციალური სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყვნენ ავსტრალიის, მალაიზიის და ჩინეთის ჯგუფები, გასული წლის იანვარში დასრულდა.

guardian.ge