ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი მთავრობის დამარცხების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს. ანდერსონის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მცირე პროცენტული მაჩვენებლით წააგო მემარჯვენე ფრთის პარტიებთან და ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ 173 ადგილი აქვს მოპოვებული პარლამენტში, ოპოზიციას კი 176.

მოელიან, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას „ზომიერი პარტიის“ ლიდერი ულფ კრისტერსონი მოახდენს. ბლოკში სხვებთან ერთად, ულტრა-მემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“ შედის, რომელიც ქუჩებში ბანდების მზარდი დანაშაულის წინააღმდეგ აწარმოებდა კამპანიას.

ეს არის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი შვედეთის პოლიტიკისთვის – „შვედეთის დემოკრატებს“ ოდესღაც პოლიტიკური პარტიები უყურებდნენ როგორც კეთროვანს, მაგრამ ახლა მათ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20% მოიპოვეს.

ოთხპარტიული მემარჯვენე ბლოკი, რომელიც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, „შვედეთის დემოკრატების“, „ზომიერი პარტიის“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ლიბერალებისგან“ შედგება.

„პარლამენტში მათ ერთი თუ ორი ადგილით აქვთ უპირატესობა. ეს მცირე უმრავლესობაა, მაგრამ უმრავლესობაა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე 55 წლის მაგდალენა ანდერსონმა.

საარჩევნო კამპანიისას ბანდების, იმიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხები, ასევე ელექტროენერგიის ფასების ზრდა დომინირებდა.

guardian.ge