აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლიბიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 10 000-ზე მეტი დაკარგულადაა გამოცხადებული

სატელიტიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის აღმოსავლეთ ქალაქ დერნას. სტიქიის შედეგად სულ მცირე 11 300 ადამიანია დაღუპული და 10 000-ზე მეტი დაკარგულადაა გამოცხადებული.

ქალაქ დერნას თავზე მდებარე ორი კაშხალი 11 სექტემბერს დილაადრიან, ქარიშხლისა და თანმხლები წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო გაინგრა და დაგუბებულმა წყალმა დაბლობზე მდებარე დერნას ცენტრალური უბნების საცხოვრებელი სახლები ხმელთაშუა ზღვამდე ჩაიტანა.

გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ ხმაურიანი აფეთქებები ესმოდათ იმ დროს, როცა კაშხლები დაინგრა. წყალი მთის ფერდობიდან შევარდა ქალაქში.

დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 მილის სიმაღლეზე გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ქარიშხალმა ტალახისა და ჭუჭყის ყავისფერი ფენა დატოვა მთელ ქალაქში.

ჯერჯერობით დაუდგენელია რამდენი ადამიანია ჩამარხული ტალახის და ნამსხვრევების ქვეშ, რომელიც მოიცავს გადატრიალებულ მანქანებს და ბეტონის ნაგლეჯებს.

ლიბიის წითელი ნახევარმთვარის გენერალურმა მდივანმა, მარი ელ-დრეზემ The Associated Press-ს ტელეფონით განუცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა, სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

მისი თქმით, დამატებით 10,100 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მანამდე ლიბიის ჯანდაცვის უწყებებმა აღნიშნეს, რომ დერნაში დაღუპულთა რაოდენობა 5,500-ს შეადგენდა.

სატელიტურ სურათებზე ჩანს ჭუჭყი და ნამსხვრევები, რომლებიც გადაჭიმულია ზღვამდე დერნას მეჩხერ წყლებში, რომელიც აშკარად ყავისფერი ჩანს სანაპირო ზოლთან. მაშველების თქმით, ბევრი ცხედარი, რომელიც ზღვის სიღრმეში იყო ჩაძირული, მოქცევასთან ერთად გამოირიყა ნაპირზე.

გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წყალდიდობამ დერნაში სულ მცირე 30 000 ადამიანი აქცია დევნილად, რამდენიმე ათასი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში გადასულიყო.

სტიქიის შედეგად ასევე განადგურდა ხიდები და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით კი შენობები მდინარე ვადი დერნასთან. გზების დაზიანების გამო, დახმარების გაწევა ქალაქში მხოლოდ სამშაბათს საღამოს დაიწყეს.