საქართველო

ლიანა პილტოიანი: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სკოლის დირექტორი, ლიანა პილტოიანი იმედოვნებს, რომ 2020 წელს მაინც მოხერხდება განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში ჩართვა, რაც ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრული აღდგენის საფუძველი გახდება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლა.

როგორც „ბიზნესკონტინენტს“ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა პილტოიანმა განუცხადა, აღნიშნული საკითხის განსახილველად იგი 2019 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც მას უთხრეს, რომ სკოლის აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ, 2020 წლის გაზაფხულიდან ან ზაფხულიდან დაიწყება, დეკემბერში კი წალკის რესურსცენტრიდან აცნობეს, რომ საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი, რის შემდეგაც მას ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი სკოლაში ქართული ენის გაკვეთილზე. 

ლიანა პილტოიანის თქმით, სკოლის ბიუჯეტიდან ბოლო წლებში მაქსიმალურად შეეცადა მიმდინარე რემონტების ჩატარებას, მოწესრიგდა სველი წერტილები, მაგრამ კაპიტალური რემონტი უზარმაზარ თანხებს საჭიროებს და ასეთი სახსრები არ გააჩნიათ.

„სკოლა საბჭოთა პერიოდშია აშენებული, მას შემდეგ მას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. ჩვენი სახსრებით რისი გაკეთებაც შევძელით, გავაკეთეთ, მაგრამ თავადაც უყურებთ, რომ შენობა ფუნდამენტურ რემონტს საჭიროებს. გვინდა სკოლა თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდეს, სველი წერტილები შენობის შიგნით რომ იყოს მოქცეული.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს, მოვიძიეთ ალტერნატიული ფართი და კაპიტალური რემონტის დაწყების შემთხვევაში სასწავლო პროცესი ჩვეულებისამებრ,  შეუფერხებლად გაგრძელდება. მოგეხსენებათ, გუშინ განახლდა სასწავლო პროცესი. ჩვენს სკოლაშიც სწავლა სრული დატვირთვით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიწყო“, – განუცხადა ლიანა პილტოიანმა „ბიზნესკონტინენტს“.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი. 

ლიანა პილტოიანი სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს. მან უმაღლესი განათლება თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (დღევანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიიღო და აღნიშნული სასწავლებლის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა.

მომზადებულია მედიაორგანიზაცია  „ბიზნესკონტინენტის“ მიერ