საქართველო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება, – განაცხადა „TV პირველის“ ეთერში კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა, გიორგი ბაბუაძემ, რომელიც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა.

„ვაქცინის შექმნის შემდგომი ეტაპი არის პრეკლინიკური ფაზა. ანუ ლაბორატორიიდან გადავდივართ უკვე ცხოველებზე, ცხოველურ მოდელებში გამოცდაზე. თუ მივიღეთ კარგი პასუხები ცხოველური მოდელებიდან, გადავდივართ უკვე ადამიანების მოკლე კოჰორტის გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა. ეს მოიცავს 4 ეტაპს. შეიძლება 3 ეტაპადაც განხორციელდეს თუკი არის ასეთი სიტუაცია, როგორც ახლა განვითარდა კორონავირუსის შემთხვევაში. პირველი ეტაპი: შეირჩევა მცირე კოჰორტა, დაახლოებით 20-25 ადამიანი. შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ეტაპზე შეირჩევა უკვე 1000 ადამიანი. ამის შემდეგ ხდება უკვე მეოთხე ეტაპი, თუმცა, მეოთხე ეტაპი შეიძლება გამოვტოვოთ და მესამე ეტაპთან ერთად ეს ყველაფერი გაკეთდეს, რაც გულისხმობს ფორმალურ საკითხებს“, – აღნიშნავს გიორგი ბაბუაძე.

მისი თქმით, პროცესის დაჩქარება არა ექსპერიმეტული, არამედ ფორმალური კუთხით, ბიუროკრატიული პროცედურების ხარჯზე შეიძლება.

„ჩვენ შესაძლოა ეს ყველაფერი დავაჩქაროთ არა ექსპერიმენტული კუთხით, არამედ ფორმალური კუთხით. ბევრი ფორმალური პროცედურა, რომელიც საჭიროებს ბიუროკრატიის გამო დიდ დროს, შესაძლოა შევაჩეროთ ამ დიდი ინტერესის და პანდემიური მდგომარეობის გამო და სახელმწიფო მთლიანად გადაერთვება ამ პროცედურებზე და შეუძლია მოკლე დროში მოგვცეს ნებართვები, რომლებიც საჭირო არის ვაქცინის კვლევის სხვადასხვა ეტაპზე“, – განაცხადა ბაბუაძემ.