მსოფლიოს ახალი ამბები

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, იტყობინება სომხური მედია ქვეყნის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით.

პრემიერის განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტი 29 წლის სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. იგი თავის ცოლთან ერთად მგზავრობდა, რომლის ტესტირებამ ნეგატიური შედეგი აჩვენა.

სომხეთმა ირანთან 44-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი 24 თებერვალს 2 კვირით ჩაკეტა.

ირანი კორონოვარისუსის გავრცელების მთავარი კერაა ახლო აღმოსავლეთში. ინფექციის გამოვლენის შესახებ ირანმა პირველად 19 თებერვალს გამოაცხადა და ახლა, 10 დღის გასვლის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით 593 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 43 ადამიანი.

კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ.

ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, 50-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ინფექციის შეყრამდე ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდა, ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.

1 მარტამდე არსებული სურათი ზოგიერთ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში

იტალიაში ინფექციის 650 შემთხვევაა გამოვლენილი და 17 ადამიანია გარდაცვლილი;

ირანმა შაბათს განაცხადა, რომ ახალი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 593-ს მიაღწია, სიკვდილიანობამ კი 43 შეადგინა;

ყატარმა კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ყატარის მოქალაქე 36 წლის ქალი ირანიდან იქნა ევაკუირებული და მისმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა;

დიდ ბრიტანეთში სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იქ 23 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საფრანგეთში 73-ამდე მოიმატა. გარდაიცვალა ორი პაციენტი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50-ზე მეტ ქვეყანაში, 83,650 შემთხვევაა დადასტურებული. სიკვდილიანობამ 2,800-ს გადააჭარბა.

ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში დაიღუპა. ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში ახალმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბერში იფეთქა.

GUARDIAN.GE