აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ

კორონავირუსით ერთი ადამიანი ფილიპინებში გარდაიცვალა, რაც აღნიშნული ვირუსით დაავადებულის დაღუპვის პირველი შემთხვევაა ჩინეთის გარეთ. გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი ვუხანიდან, ჰუბეის პროვინციიდან, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იგი როგორც ჩანს ინფიცირებული იყო უკვე, როცა ფილიპინებში ჩავიდა.

ამ დროისთვის (2 თებერვალი, 2020) კორონავირუსის აფეთქების შედეგად 300 ადამიანია გარდაცვლილი, უმეტესობა ჰუბეის პროვინციიდან, მსოფლიოს მასშტაბით კი ინფიცირებულთა რაოდენობა 14 000-ს შეადგენს, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის ჰუბეის პროვინიციაში მცხოვრებია.

ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მამაკაცს ქვეყნის დედაქალაქ მანილას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მწვავე პნევმონია განუვითარდა. იგი ვუხანიდან ფილიპინებზე ჰონგ-კონგის გავლით 38 წლის ჩინელ ქალთან ერთად ჩავიდა. გასულ კვირას ქალისთვის ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფილიპინებში, რაბინდრა აბეიასინგემ დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ: „ეს არის პირველი აღრიცხული სიკვდილი ჩინეთს გარეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ ეს არ არის ადგილზე შეძენილი შემთხვევა. ეს პაციენტი აფეთქების ეპიცენტრიდან ჩამოვიდა“.

როგორც BBC ადგილობრივ გამოცემა Rappler-ზე დაყრდნობით იუწყება, ჯანდაცვის მინისტრმა ფრანჩესკო დუქუე III-მ განაცხადა, რომ პაციენტი „სტაბილურად იყო და გაუმჯობესების ნიშნები აღენიშნებოდა“, მაგრამ მდგომარეობა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუარესდა. მისი თქმით, მამაკაცის კრემაცია მოხდება.

guardian.ge