მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამბოხების წაქეზების ბრალდებით იმპიჩმენტი გამოუცხადა, ამჯერად მეორედ და ამით ის პირველი პრეზიდენტი გახდა ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კანონმდებელმა დაუჭირა, მათგან 10 ხმა „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნით, წინააღმდეგი კი 197 წავიდა. 

თეთრმა სახლმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ძალადობა.


„დაჟინებით მოვუწოდებ, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი ძალადობას, კანონის დარღვევას და არანაირის სახის ვანდალიზმს. ეს არ არის ის, რასაც მე მხარს ვუჭერ და ეს არ არის ის, რასაც ამერიკა უჭერს მხარს. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს მოახდინოს დაძაბულობის განმუხტვა და დაიოკოს სიბრაზე. მადლობა“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე კი, სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატა – სენატი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის იმაზე, არის თუ არა პრეზიდენტი დამნაშავე, 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება, შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურისთვის დრო აღარ რჩება, რადგან 20 იანვარს უკვე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება და ტრამპი ისედაც ტოვებს თეთრ სახლს. 


კენჭისყრის გამართვამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ დებატები მიმდინარეობდა.

იმპიჩმენტის რეზოლუციაზე დებატები წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გახსნა და თქვა, რომ ისინი, ვინც თავს დაესხნენ კონგრესს გასულ კვირას, არა პატრიოტები, არამედ „შიდა ტერორისტები“ იყვნენ, რომლებიც  პრეზიდენტის სიტყვებმა წააქეზა. „ის უნდა წავიდეს. იგი მკაფიო საფრთხეს წარმოადგენს ერისთვის“, განაცხადა პელოსიმ.

დებატებისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯიმ ჯორდანმა განაცხადა, რომ „დემოკრატებს“ „პრეზიდენტის გაუქმება სურთ“. იმპიჩმენტის ნაცვლად ფოკუსირება „ერის გაერთიანებაზე“ უნდა მოხდეს, დაამატა კანონმდებელმა ოჰაიოდან.


„7 დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იქნება, როგორც ეს ყველა სხვა დროს იყო ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ „დემოკრატები“ კვლავ იმპიჩმენტს უცხადებენ პრეზიდენტ ტრამპს. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ეს არ არის ის გზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს სახელმწიფოს გასული კვირის იმ ტრაგიკული და საშინელი ამბების გამკლავებაში, რომელსაც ჩვენ ყველა ვგმობთ“, განაცხადა ჯორდანმა.

„რესპუბლიკელების“ – უმცირესობის ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აკისრია პასუხისმგებლობა 6 იანვარს კონგრესზე განხორციელებულ თავდასხმაზე, მაგრამ მისი იმპიჩმენტი „შეცდომა“ იქნებოდა. 


„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ნიუ ჯერსიდან ჯეფ ვან დრუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მეორედ იმპიჩმენტი კვლავ გახლეჩს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა, რომ დღეს ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას 10-20  განდგომილი „რესპუბლიკელისაგან“ მოელის. 

თავდაპირველად ექვსმა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებელმა გამოაცხადა, რომ ისინი ხმას მისცემდნენ ტრამპის იმპიჩმენტს.

ესენი იყვნენ: დენ ნიუჰაუსი – ვაშინგტონიდან; ჯონ კატკო – ნიუ იორკიდან; ჯემი ჰერერა ბოიტლერი – ვაშინგტონიდან; ადამ კინზინგერი – ილინოისიდან; ფრედ აპტონი – მიჩიგანიდან; ლიზ ჩეინი – ვაიმონგიდან.

თუმცა მათ რიგებს კიდევ 4 „რესპუბლიკელი“ შეუერთდა – პიტერ მეიჯერი – მიჩიგანიდან; ანტონი გონზალესი – ოჰაიოდან; ტომ რაისი – კაროლინადან; დევიდ ვალადაო – კალიფორნიიდან – და საბოლოოდ მათი რაოდენობა 10 გახდა.

ტრამპის იმპიჩმენტის მეორედ დაყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე თავდასხმა განხორციელდა.

სამშაბათს, „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემდა ხმას.


უფრო ადრე პრეზიდენტმა კონგრესში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

რა თქვეს წარმომადგენელთა პალატაში დებატებამდე „რესპუბლიკელებმა“?


ლიზ ჩეინიმ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის იმპიჩმენტს. ეს კი, როგორც BBC იტყობინება, პირველი შემთხვევაა, რიჩარდ ნიქსონის თეთრ სახლში ყოფნის შემდეგ, როცა პრეზიდენტის საკუთარი პარტიის ლიდერი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს. ჩეინიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „არასდროს ყოფილა უფრო დიდი ღალატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა მისი ოფისისა და მისი კონსტიტუციის წინაშე ფიცისადმი“.


წარმომადგენელთა პალატის სხვა ორმა „რესპუბლიკელმა“ წევრმა, ჯონ კატკომ და ადამ კინზინგერმა ასევე განაცხადეს, რომ ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.


წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ, ტრამპის მოკავშირემ, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება იმპიჩმენტს, გავრცელებული ცნობებით, გადაწყვიტა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაზე ხელი არ შეუშალოს.


გაზეთ „The New York Times“-ის თანახმად, სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თავის უახლოეს გარემოცვას უთხრა, რომ იგი კმაყოფილია იმით, რომ „დემოკრატებს“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურთ, რადგან მას სჯერა, რომ ეს ტრამპის „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჩამოცილებაში დაეხმარებათ.


„The Washington Post“-ის მიხედვით კი, მაკკონელმა თავის მეგობრებს ასევე ისიც უთხრა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულები და იმსახურებს იმპიჩმენტს.


აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის უარი „დემოკრატებს“


სამშაბათს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 223-205 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით დაეხმაროს ტრამპის გადაყენებაში. მაგრამ იმავე დღეს, უფრო ადრე პენსმა უკვე უარი უთხრა „დემოკრატებს“ ამგვარ თხოვნაზე, რაც კონსტიტუციაში შესწორების მე-4 პარაგრაფის გამოყენებით უზრუნველყოფდა პრეზიდენტის ჩამოცილებას ოფისიდან. ეს მუხლი ნებას რთავს კაბინეტს გადააყენოს პრეზიდენტი თუკი მიიჩნევენ, რომ იგი უუნაროა, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი გაგზავნილ წერილში პენსი ამბობს: „ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, 25-ე შესწორება არ ის დასჯის ან უზურპაციის საშუალება. 25-ე შესწორების გამოყენება ამგვარი გზით, საშინელ პრეცედენტს შექმნის“.


მანამდე, The New York Times“-ი წერდა, რომ 20-მდე „რესპუბლიკელი“ სენატორი მზაობას გამოხატავს პრეზიდენტის იმპიჩმენტისადმი. ტრამპის დასადანაშაულებლად კი კონგრესის ზედა პალატის – სენატის – წევრთა უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც, როგორც BBC წერს, იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უდა მისცეს ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„დემოკრატები“ იმპიჩმენტის კენჭისყრას ასევე იმაშიც გამოიყენებენ, რომ დაბლოკონ ტრამპი იმისაგან, რომ მან ოდესმე კიდევ შეძლოს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.


რა განაცხადა ტრამპმა?


2020 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ, ტრამპი საჯაროდ პირველად 12 იანვარს გამოჩნდა და არ ჩანდა, რომ ინანიებდა თავის კომენტარებს, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილე მხარდამჭერებისადმი გააკეთა მანამ, ვიდრე ისინი კონგრესის დარბაზებში შეიჭრებოდნენ.


„რაც მე ვთქვი, სრულიად მართებული იყო“, განაცხადა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელთან გამგზავრებამდე. „მე ძალადობა არ მინდა“.


მან რეპორტიორებს ასევე უთხრა: „ეს იმპიჩმენტი უზარმაზარ აღშფოთებას იწვევს, და თქვენ ამას აკეთებთ, და ეს ნამდვილად საშინელი რამაა, რასაც ისინი აკეთებენ“.


ტრამპმა განაცხადა, რომ „ნამდვილი პრობლემა“ ის რიტორიკა იყო, რომელსაც „დემოკრატები“ იყენებდნენ გასული წლის საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის დროს, ლოზუნგით – „Black Lives Matter“ („შავკანიანთა სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“).


იმპიჩმენტის საქმის განხილვა ემყარება ტრამპის განცხადებებს თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაციის დროს, ვიდრე მისი მხარდამჭერები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე შეტევას შეეცდებოდნენ.


ტრამპმა 6 იანვარს, კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრამდე, კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და დაჟინებით მოუწოდა შეკრებილებს გადაენაცვლათ კონგრესისკენ, რადგან კონგრესი აპირებდა ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამტკიცებას.


მან მხარდამჭერებს მოუწოდა წარმართულიყვნენ კონგრესისკენ „მშვიდობიანად და პატრიოტულად“, რათა „მათი ხმა შეესმინათ“, მაგრამ ამავე დროს „ებრძოლათ ჯოჯოხეთურად“.

GUARDIAN.GE