აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი რუსეთში ბრონირებული მატარებლით ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა და კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს „უახლოეს დღეებში“, ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ შეხვდება, რომელზეც განხილული იქნება რეგიონული და გლობალური საკითხები. შეხვედრა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართება.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა დასავლეთის შეშფოთება იწვევს, რაც უკრაინაში მოსკოვის ომისთვის შეიარაღების პოტენციურ შეთანხმებას უკავშირდება. შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვა სურს.

პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აქვს ახალი ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის იარაღის თაობაზე მოლაპარაკებების „მიღწეულ პროგრესზე“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ბოლო ვიზიტის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იარაღები მოიცავდა Hwasong-ის კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც იყენებს მყარ საწვავს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმმა Covid-ის პანდემიის შემდეგ ქვეყნის კარი უცხოელი სტუმრებისთვის გააღო.

მას შემდეგ, პუტინმა და კიმმა გაცვალეს წერილები „ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის პირობაზე“, – თქვა კირბიმ. „ჩვენ მოვუწოდებთ კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკას შეწყვიტოს რუსეთთან შეიარაღების მოლაპარაკებები და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან არ მიყიდოს იარაღი რუსეთს”, – აღნიშნა კირბიმ და გააფრთხილა ფხენიანი, რომ აშშ მიიღებს ზომებს, მათ შორის სანქციების დაწესებას, თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს მიაწვდის.

არსებობს შეშფოთება როგორც ვაშინგტონში, ასევე სეულში იმის შესახებ, თუ რას მიიღებს ჩრდილოეთ კორეა ასეთი შეთანხმების სანაცვლოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აზიაში სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა ორ ქვეყანას შორის.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, შოიგუმ რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარების წინადადება წამოაყენა – მსგავსი აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიერ ჩატარებული წვრთნებისა.

იმასაც შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას იარაღი მიაწოდოს მომავალში, იმ დროს, როდესაც ის ფხენიანს ყველაზე მეტად დასჭირდება.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ კიმ ჩენ ინმა შეიძლება სთხოვოს პუტინს მიაწოდოს მას იარაღის მოწინავე ტექნოლოგია ან ცოდნა ამ ტექნოლოგიებზე, რაც მას ბირთვული იარაღის პროგრამაში სერიოზულ გარღვევაში დაეხმარება.

თუმცა, როგორც BBC წერს, გარიგება შეიძლება უფრო ტრანზაქციული იყოს, ვიდრე სტრატეგიული. ამ დროისთვის, რუსეთს სჭირდება იარაღი, ხოლო სანქცირებულ, შიმშილის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კორეას სჭირდება ფული და საკვები.

ორი ლიდერი ერთმანეთს ბოლოს 2019 წლის აპრილში ვლადივოსტოკში შეხვდა, სადაც კიმ ჩენ ინი მატარებლით ჩავიდა. რუსეთის ოფიციალური პირები მას პურისა და მარილის ტრადიციული შეთავაზებით დახვდნენ. ეს იყო ალბათ ბოლო შემთხვევა, როდესაც კიმმა საზღვარგარეთ იმოგზაურა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ კიმს „უსაფრთხოების გარანტიები“ დასჭირდება, რათა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ვიეტნამში გამართული შეხვედრა, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.