საქართველო

კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, რისთვისაც მინდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მადლობა გადავუხადო. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.