საქართველო

კახა კალაძე: „მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, ამდენად, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი“

თბილისის მერი კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზომების გამკაცრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.

კახა კალაძემ მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ეკლესიის მრველს, დაიცვან ქვეყნაში მოქმედი წესები.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი “მაგრამ” ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე, გაითვალისწინეთ, სადაც უნდა იმყოფებოდეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი წესი, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს ცხრა საათიდან. შესაბამისად, ისევე როგორც მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ამ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს აღნიშნული წესები.

ყველა ხვდება იმას, რომ არავის სიამოვნებს ამ ვითარებაში ცხოვრება, რომელშიც ახლა იმყოფა მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ. რთულია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია-ადამიანის სიცოცხლეზე, ამიტომ, ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოებაც და მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია არის მოყვასზე ზრუნვა. ამდენად, სახლში დარჩენა მორწმუნე ადამიანის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. მინდა ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ვთხოვო და მოვუწოდო-დარჩით სახლში და ილოცეთ სხვების ჯანმრთელობისთვის, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის!

დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!“ – განაცხადა კახა კალაძემ.