საქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ პროექტებთან ერთად.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, წარმოადგინა.

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს როლი და ფუნქცია ასეთი სიმბოლოების გამოყენებისას. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების (დროშა, გერბი და ჰიმნი) სწორად და კანონით დადგენილი პარამეტრებით გამოყენება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში, როგორიცაა – სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, პასპორტი და ა. შ. ასევე, აღლუმებზე ინაუგურაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი სწორად გამოყენება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და დათქმების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებების თანახმად, ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება ხდება გემის ტექნიკური მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა) მიხედვით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ცვლილებები შეეხება ორ მუხლს.

„მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციების დიფერენცირებას მცურავი საშუალებების ტევადობის და ღირებულებების მიხედვით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს მცურავი საშუალების ექსპლუატაციით მიღებული თანხა წარმოადგენს. შესაბამისად, იმისთვის, რომ სანქცია იყოს ადეკვატური, სანქცია იყოს ჩადენილი ქმედების და ამ ქმედებით გამოწვეული ზიანის შესაბამისი და რაც მთავარია პროპორციული, ვახდენთ ჯარიმების დიფერენცირებას გემების ტევადობის და მათ მიერ მიყენებული ზიანის შესაბამისად“, აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კანონპროექტით, მინიმალურ ტონაჟობად განისაზღვრა 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემი, რომლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით; 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით; 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 5000 ლარის ოდენობით;500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 10000 ლარის ოდენობით; 3000-დან 5000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 15000 ლარის ოდენობით; 5000-დან 8000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 20000 ლარის ოდენობით; 8000-დან 10000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 30000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალურ პასუხისმგებლობად დადგენილ იქნა 50000 ლარი 10000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის.

ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია, თუ რომელი ქმედება ითვლება ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევად. შესაბამისად, სამართალდარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, განხორციელდა ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება 50 ლარიდან – 200 ლარამდე. კანონის მოქმედი რედაქციით, ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის წესების დარღვევა, რაც ჯარიმდება 300 ლარით. ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია ზომამცირე მცურავი საშუალებების ტიპი (ნიჩბიანი ან გასაბერი ნავი ძრავის გარეშე, ჰიდროციკლი, იახტა და ა.შ.) და ძრავის სიმძლავრე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი დამრღვევი ისჯება 50 ლარიდან 250 ლარამდე ოდენობის ჯარიმით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა.

სანქციების ნაწილთან დაკავშირებით, სხდომაზე ერთი შენიშვნა გამოითქვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 1000 ლარიდან 500 ლარამდე შემცირებას გულისხმობს. ვინაიდან აღნიშნული საკითხი კანონპროექტის პრინციპს არ შეეხება, კომიტეტი ამ შენიშვნას კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაუბრუნდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“. დადგენილების პროექტი სხდომაზე უნდა წარმოედგინა პროექტის ავტორსა და ინიციატორს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სერგი კაპანაძეს, თუმცა მომხსენებლის არ ყოფნის გამო საკითხი გადაიდო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.