აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, ღაზაში კი 900-ზე მეტი ადამიანია მოკლული

7 ოქტომბერს, გამთენიისას „ჰამასის“ მიერ ისრაელზე წამოწყებული თავდასხმიდან დღემდე, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ისრაელზე ჰამასის თავდასხმა, „სრულიად ბოროტების აქტად“ შეაფასა.

ისრაელის სოფელში, სადაც ბრძოლა სამშაბათს დილამდე გაგრძელდა, ხოცვა-ჟლეტის დეტალების შესახებ გახდა ცნობილი – ისრაელელი გენერალი საძინებლებში მოკლულ ჩვილებზე საუბრობს. ისრაელის ჯარისკაცებმა ასევე განუცხადეს BBC-ის საერთაშორისო რედაქტორს, ჯერემი ბოუენს, რომ ზოგიერთ დაღუპულს თავი ჰქონდა მოჭრილი.

ისრაელის მედიის ცნობით, სულ მცირე 40 ბავშვია მოკლული ერთ-ერთ კიბუცში, კფარ აზაში. „ეს არ არის ომი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის თავდაცვის ძალების სიღრმისეული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა იტაი ვერუვმა. „ეს არ არის ბრძოლის ველი. ხედავთ ბავშვებს, დედებს, მამებს თავიანთ საძინებლებში, თავიანთ დაცვის ოთახებში და როგორ კლავენ მათ ტერორისტები. ეს არ არის ომი, ეს ხოცვა-ჟლეტაა“.

„ჰამასის“ მიერ ისრაელის სახელმწიფოზე უპრეცედენტო თავდასხმის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ისრაელის არმია განაგრძობს ღაზას სექტორის დაბომბვას – დაღუპულია „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი ოფიციალური წარმომადგენელი.

გაეროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო, ღაზაში 260 ათასზე მეტი ადამიანი იქცა დევნილად.

10 ოქტომბერს, დილით, ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით „ჰამასის“ და სხვა მებრძოლი ჯგუფების 200 სამიზნეზე განახორციელეს ავიაიერიშები.

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, ათობით გამანადგურებელმა მიაყენა დარტყმა რიმალისა და ხან იუნისის რაიონებს, განადგურდა სამიზნეები, მათ შორის სარდლობა და კონტროლი, იარაღის შესანახი ადგილი, რომელიც მათი თქმით, მეჩეთის შიგნით იყო, და „ჰამასის“ სავარაუდო მეთაურის სახლი.

ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ღაზას დატოვებისას ეგვიპტეში, ეგვიპტის მიერ კონტროლირებადი გადასასვლელით წასვლა ურჩიეს, თუმცა მოგვიანებით დასძინეს, რომ აღნიშნული გადასასვლელი დაიხურა.

ისრაელის სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ღაზასთან საზღვრის ღობეზე, საიდანაც „ჰამასის“ მებრძოლები ისარელში 7 ოქტომბრის დილას მოულოდნელად შეიჭრნენ, კონტროლი აღადგინეს და ის ახლა უკვე დაცულია.

ისრაელის არმიის ინფორმაციითვე, „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელსა და ღაზას სექტორის მიდამოებში. ღაზას სექტორის მახლობლად კი, ისრაელის ყველა თემის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისას, „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და მათი ოჯახები უიმედოდ ელოდებიან ინფორმაციას მძევლების შესახებ.

„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთა მძევლების მოკვლით იმუქრება ყოველ ჯერზე, როცა კი ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა „ჰამასის“ მებრძოლთა დაჯგუფება, რომ ისრაელი მის წინააღმდეგ „უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმის საპასუხოდ, მხოლოდ ახლა დაიწყო.

უფრო ადრე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა ღაზას სექტორის „სრულად ალყაში მოქცევის“ შესახებ, რის შედეგადაც საკვების, საწვავის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა.

guardiange.com