აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელსა და ღაზაში 1100 ადამიანია მოკლული

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე შაბათ დილით წამოწყებული მასობრივი, კოორდინირებული თავდასხმებისა და ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმების შედეგად, ისრაელსა და ღაზაში დაახლოებით 1100 ადამიანია მოკლული, ათასობით კი დაჭრილი, – იტყობინება BBC.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დაჭრილების დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

გაეროს ცნობით, ღაზაში საჰაერო დარტყმების გამო 123 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა, 74 000 თავშესაფარს სკოლებში ეძებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ დაახლოებით ათასამდე სამიზნეზე მიიტანეს იერიში. მათივე ცნობით, „ჰამასის“ შეიარაღებული მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე, 7-8 ადგილმდებარეობაზე, ჯერ კიდევ იბრძვიან, თუმცა ისინი „მძიმე საფასურს“ გადაიხდიან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმების გამო.

ორშაბათს, ნავთობის ფასები მაღლა ავარდა, რადგან ინვესტორები ნავთობის მწარმოებელ რეგიონში კონფლიქტის გაჭიანურების შესაძლებლობის ვარაუდს გამოთქვამენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ისრაელისადმი.

შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გემები და თვითმფრინავები გაგზავნა და თქვა, რომ ისრაელს დამატებით საბრძოლო მასალებს გაუგზავნის.

აშშ-ს თავისი ავიამზიდი, „USS Gerald R. Ford“-ი, ისრაელთან უფრო ახლოს გადაჰყავს.