აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელსა და ღაზას სექტორში

ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით „ჰამასის“ და სხვა მებრძოლი ჯგუფების 200 სამიზნეზე განახორციელეს ავიაიერიშები.

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, ათობით გამანადგურებელმა მიაყენა დარტყმა რიმალისა და ხან იუნისის რაიონებს, განადგურდა სამიზნეები, მათ შორის სარდლობა და კონტროლი, იარაღის შესანახი ადგილი, რომელიც მათი თქმით, მეჩეთის შიგნით იყო, და „ჰამასის“ სავარაუდო მეთაურის სახლი.

ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ღაზას დატოვებისას ეგვიპტეში, ეგვიპტის მიერ კონტროლირებადი გადასასვლელით წასვლა ურჩიეს, თუმცა მოგვიანებით დასძინეს, რომ აღნიშნული გადასასვლელი დაიხურა.

ისრაელის სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ღაზასთან საზღვრის ღობეზე, საიდანაც „ჰამასის“ მებრძოლები ისარელში 7 ოქტომბრის დილას მოულოდნელად შეიჭრნენ, კონტროლი აღადგინეს და ის ახლა უკვე დაცულია.

ისრაელის სამხედროების ინფორმაციითვე, „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელსა და ღაზას სექტორის მიდამოებში. ღაზას სექტორის მახლობლად კი, ისრაელის ყველა თემის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე – „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედია წერდა, რომ დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა ისრაელში 7 ოქტომბერს, დილას, „ჰამასის“ მიერ წამოწყებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, მათ შორის 260 ადამიანი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. მას შემდეგ კი, რაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზაზე დარტყმები დაიწყო, პალესტინის მხარეზე თითქმის 690 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისას, „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და მათი ოჯახები უიმედოდ ელოდებიან ინფორმაციას მძევლების შესახებ.

„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთა მძევლების მოკვლით იმუქრება ყოველ ჯერზე, როცა კი ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს.

პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა „ჰამასის“ მებრძოლთა დაჯგუფება, რომ ისრაელი მის წინააღმდეგ „უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმის საპასუხოდ, მხოლოდ ახლა დაიწყო.

უფრო ადრე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა ღაზას სექტორის „სრულად ალყაში მოქცევის“ შესახებ, რის შედეგადაც საკვების, საწვავის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა.