აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის არმია ღაზას სექტორზე ახალი თავდასხმების წამოსაწყებად ემზადება

ისრაელზე „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 250 შეადგინა, 1 452 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან 18 კრიტიკულ, 267 კი მძიმე მდგომარეობაშია, – იტყობინება ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების მონაცემებით, ღაზაში 232 ადამიანია მოკლული, 1 790 კი, დაჭრილი.

ისრაელმა დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ჰყავთ მძევლად აყვანილი.

ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ 18 საათის შემდეგ, კიბუც-ბეერის სასადილო ოთახში მძევლები გაათავისუფლეს.

ასევე, მძევლები დაიხსნეს სამხრეთ ქალაქ ოფაკიმში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისრაელის სამი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა, „ჰამასის“ თავდამსხმელები კი მოკლულნი არიან.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის შვიდი სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს მოუწოდა დატოვონ სახლები და გადავიდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ან თავი შეაფარონ თავშესაფრებს, რადგან „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადებიან.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მოულოდნელი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა შაბათ დილით წამოიწყო, რაც მთელი დღე გაგრძელდა და სარაკეტო დარტყმები შაბათ საღამოს თელ-ავივსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებზე განხორციელდა. ისრაელმა განაცხადა, რომ ისინი „ჰამასის“ მებრძოლებს 22 ადგილას ებრძვიან.

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ღაზადან შეიარაღებულმა პირებმა ისრაელის სამხრეთ ტერიტორიაზე შეაღწიეს და ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო, ბრძოლები ასევე გავრცელდა დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით.

პალესტინის სამედიცინო სამსახურების განცხადებით, ექვსი პალესტინელი, მათ შორის 13 წლის ბიჭი, აჰმად აბდელ ნასირ რაბი, დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა ისრაელის ძალებსა და მოსახლეობას შორის შეტაკებების შედეგად.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა, BBC-ს უთხრა, რომ მებრძოლთა დაჯგუფებას ისრაელზე თავდასხმაში მხარს თავისი მოკავშირე, ირანი უჭერს, რაც მისი თქმით, „სიამაყის წყაროს“ წარმოადგენს. ჰამადმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან, მაგრამ არ დაუსახელებია ვინ.

მანამდე, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერდა თავდასხმებს, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ჰამასის“ სპიკერის განცხადებით, ისრაელზე დარტყმების განხორციელება ახალშენებში მცხოვრები ებრაელების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხს წარმოადგენდა.

„ისინი ყოველდღე აშენებენ დასახლებებს, იპყრობენ ჩვენს მიწებს, კლავენ ჩვენს ხალხს, შედიან ჩვენს ქალაქებში. შუამავლების, [ეგვიპტელების, ყატარის ან გაეროს] მეშვეობით ჩვენ ვეუბნებით მათ – შეჩერდნენ, მაგრამ ისინი არავის უსმენენ“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკლე, მაგრამ მკვეთრი განცხადება გააკეთა და ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა: „არავითარი შეცდომა არ იყოს, შეერთებული შტატები ისრაელის სახელმწიფოს გვერდით დგას“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ ისრაელის სახელმწიფოზე ასეთი მასშტაბის თავდასხმები მანამდე არასდროს უხილავთ. მან გააფრთხილა მოწინააღმდეგე, რომ ისრაელი „მძლავრად იძიებს შურს“ მისთვის „შავი დღის“ გათენების გამო.

უფრო ადრე, ნეთანიაჰუმ „ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომის წამოწყების“ ბრძანება გასცა.

„ისრაელის მოქალაქენო! ჩვენ ომში ვიმყოფებით, არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში.

ამ დილით „ჰამასმა“ წამოიწყო დანაშაულებრივი, მკვლელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„მე მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები, პირველ რიგში, დავალება მივეცი, რომ გაწმინდონ დასახლებები შემოღწეული ტერორისტებისგან. ეს ოპერაცია ამ საათებში ხორციელდება.

ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციასა და საპასუხო ომის წამოწყებაზე, ისეთი ძალითა და მასშტაბით, რომელიც მტერს მანამდე არასოდეს უნახავს.

მტერი გადაიხდის ფასს, რომლის მსგავსი არასოდეს გადაუხდია. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს და შიდა სარდლობის მითითებებს.

ჩვენ ომში ვიმყოფებით და გავიმაჯვებთ!“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

guardiange.com