აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში „ღმერთის წინააღმდეგ მტრობის“ ბრალდებით 23 წლის მამაკაცი საჯაროდ ჩამოახრჩვეს

ირანი აცხადებს, რომ საჯაროდ ჩამოახრჩვეს 23 წლის ახალგაზრდა, რაც არის მეორე სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან. 23 წლის მაჯიდრეზა რაჰნავარდი ორშაბათს, დილით, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს, განაცხადა სასამართლომ.

სასამართლომ ის „ღმერთის წინააღმდეგ მტრობის“ ბრალდებით გაასამართლა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ მან დანით დაჭრა „ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების“ ორი წევრი.

რაჰნავარდი დაპატიმრებიდან სულ რაღაც 23 დღეში ჩამოახრჩვეს. მისი სიკვდილით დასჯამდე დედამისს განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. ოჯახის წევრებს სიკვდილით დასჯის აღსრულების შემდეგ მისცეს სასაფლაოს ნომერი და როდესაც ისინი სასაფლაოზე მივიდნენ, უსაფრთხოების აგენტები ცხედარს კრძალავდნენ.

ოპოზიციის აქტივისტმა, კოლექტიურმა „1500 თასვირ“-მა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ოჯახს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ოფიციალურმა პირმა დაურეკა და უთხრა: „ჩვენ მოვკალით თქვენი ვაჟი და მისი ცხედარი ბეჰეშტ-ე რეზას სასაფლაოზე დავმარხეთ“.

სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „მიზანის“ ცნობით, რაჰნავარდი „მაშჰადის მოქალაქეების ჯგუფის თანდასწრებით“ ჩამოახრჩვეს. სააგენტომ გამოაქვეყნა გათენებამდე გადაღებული რამდენიმე ფოტო, რომლებზეც სიკვდილით დასჯაა ასახული. სურათებზე ჩანს ბაგირზე ჩამოკიდებული მამაკაცი შეჯგუფებული ადამიანების თვალწინ – უცნობია, რამდენი ადამიანი დაესწრო სიკვდილით დასჯას ან ვინ იყვნენ ისინი.

სასამართლომ რაჰნავარდს მის მიერ შეთავაზებული ადვოკატის მიერ დაცვის უფლება არ მისცა და ადვოკატს, რომელიც მას დაუნიშნეს, იგი არ დაუცავს.

„მიზანმა“ ადრე განაცხადა, რომ მაჯიდრეზა რაჰნავარდს ბრალი ედებოდა 17 ნოემბერს მაშჰადის ქუჩაში „ბასიჯის“ ორი წევრის დანით დაჭრაში. „ბასიჯი“ არის მოხალისე ძალა, რომელსაც ირანის ხელისუფლება ხშირად იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ირანის სასულიერო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ქალების მიერ მართული პროტესტი მაჰსა ამინის, 22 წლის ქალის, პატიმრობაში მკვლელობას მოჰყვა. ამინი „მორალურმა პოლიციამ“, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაუქმდა, 13 სექტემბერს ჰიჯაბის ან თავსაბურავის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა.

პროტესტი ირანის 31-ვე პროვინციის 161 ქალაქს მოედო და ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. ირანის ლიდერებმა საპროტესტო გამოსვლები წარმოადგინეს, როგორც ქვეყნის საგარეო მტრების მიერ წაქეზებული „არეულობები“, თუმცა, აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა უიარაღო და მშვიდობიანი იყო.

19 ნოემბერს, დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რაჰნავარდი თვალებახვეული ჩანს და მარცხენა ხელი თაბაშირში აქვს ჩასმული. იგი არ უარყოფს „ბასიჯის“ წევრებზე თავდასხმას, თუმცა ამბობს, რომ დეტალები არ ახსოვს, რადგან არ იმყოფებოდა საღ გონებრივ მდგომარეობაში.

სახელმწიფო ტელევიზიამ ორშაბათს ასევე აჩვენა კადრები, სადაც როგორც ამას ტელევიზია გადმოსცემს, მაჯიდრეზა რაჰნავარდი რევოლუციური სასამართლოს წინაშე „ბრალს აღიარებს“.

აქტივისტები კი ამბობენ, რომ ირანის სახელმწიფო მედია რეგულარულად ავრცელებს დაკავებულთა ცრუ აღიარებებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად „ეღიარებინათ ბრალი“.

ირანში, დემონსტრანტის პირველი სიკვდილით დასჯა გასულ ხუთშაბათს მოხდა, რამაც საერთაშორისო დაგმობა გამოიწვია. 23 წლის მოჰსენ შეკარიც „ღმერთის მტრობისთვის“ გაასამართლეს მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ თეირანში „ბასიჯის“ წევრს მაჩეტით დაესხა თავს.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ამ დროისთვის უშიშროების ძალების მიერ სულ მცირე 488 მომიტინგე არის მოკლული და 18 259 დაკავებული. აღნიშნული სააგენტო ასევე უსაფრთხოების 62 თანამშრომლის დაღუპვის შესახებაც იტყობინება.

ყოველწლიურად, სიკვდილით დასჯის რაოდენობით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით.