აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ

ირანის რევოლუციის მცველთა შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა მათი განზრახვა რაკეტებით აღჭურვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა ჩაშალა, რომელიც თან ახლდა ნავთობტანკერს, იუწყება აშშ-ის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

დასავლური მედია აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანულ ნავთობტანკერს ირანის ტერიტორიულ წყლებთან ძალიან ახლოს გაჩერება მოსთხოვეს, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის გაფრთხილების შემდეგ ირანული საზღვაო ხომალდები იძულებული შეიქნენ ტერიტორიას გასცლოდნენ.

პენტაგონმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საქმის კურსშია, მაგრამ კომენტარისაგან თავი შეიკავა.

გასულ კვირას ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების მეზღვაურები გიბრალტარის ხელისუფლებას დაეხმარნენ ირანული ნავთობტანკერის შეპყრობაში. არსებობდა სამხილი, რომ აღნიშნული ტანკერი ევროკავშირის სანქციების დარღვევით სირიაში მიემართებოდა. საპასუხოდ ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უნდა შეეპყრათ ბრიტანული სანავთობო ტანკერი, თუკი დატყვევებული გემი არ იქნებოდა გათავისუფლებული.

guardian.ge