აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისი ლიდერობს

პარასკევს, 18 ივნისს, გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი სასულიერო პირი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა – მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს.

მიმავალმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, რომელმაც პოსტზე ყოფნის 2-ვადიანი პერიოდი ამოწურა, შაბათს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი შემცვლელი არჩეულია, მაგრამ მას გამარჯვებულის ვინაობა არ დაუსახელებია.

„ვულოცავ ხალხს თავის არჩევანს. ჩემი ოფიციალური მილოცვა მოგვიანებით გაკეთდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ მიიღო  საკმარისი ხმები ამ არჩევნებზე და ვინ აირჩია დღეს ხალხმა“, თქვა რუჰანიმ.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ხმების არასრული დათვლის მიხედვით, რაისიმ ხმების 62% მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგები შაბათს, მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.

რაისი რუჰანის შეცვლის, რომელსაც კენჭისყრაში მესამედ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგან 2 ერთმანეთის მიყოლებით ვადით – 4-4 წლით, უკვე არჩეული იყო ქვეყნის ლიდერად. იგი პრეზიდენტის პოსტს აგვისტოში დატოვებს.

ებრაჰიმ რაისიმ ჰასან რუჰანისთან, 2017 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი მარცხი განიცადა, 2 წლის შემდეგ, 2019 წელს, მართლმსაჯულების ხელმძღვანელად დაინიშნა, მანამდე კი, მთელი თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი პროკურორად მსახურობდა.

GUARDIAN.GE