აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა აშშ, რომ იგი „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ტრამპი თეირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი დონალდ ტრამპი თეირანის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს.

BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა რუჰანიმ, რომლის სიტყვაც კვირას პირდაპირ ეთერში ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, განაცხადა: „თუკი ამერიკა დატოვებს ბირთვულ შეთახმებას, ეს მისთვის უცილობლად ისტორიული სინანულის მომტანი იქნება“.

მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ირანს ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილების საპასუხოდ გააჩნია გეგმა და თეირანი წინააღმდეგობას გაუწევს მას.

მაკრონის და მერკელის შემდეგ ტრამპის დარწმუნებას დიდი ბრიტანეთი შეეცდება 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი ვაშინგტონში ვიზიტისას დაჟინებით მოუწოდებს დონალდ ტრამპს, არ გამოვიდეს ირანთან 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რაც იმგვარად არის შედგენილი, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალებას არ აძლევს.

დიდ ბრიტანეთს და მის ევროპელ მოკავშირეებს დონალდ ტრამპის დასაწრმუნებლად დრო 12 მაისამდე აქვთ, როცა აშშ-ის კონგრესში შეთანხმების ხელახალი რატიფიკაციის ვადა იწურება.

ტრამპი ბირთვული შეთანხმების ძლიერი კრიტიკოსია და ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას „აღმაშფოთებელი“ და „ყველაზე საშინელი შეთანხმება“ უწოდა, რაც კი ოდესმე მას უნახავს.

5 მაისს, დიდი ბრტანეთის პრემიერ მინისტრთან, ტერეზა მეისთან სატელეფონო საუბრისას, ტრამპმა „დაადასტურა თავისი ერთგულება იმის უზრუნველყოფისადმი, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის შეძენა“.

უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაში, რომელსაც ხელი შერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, რუსეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ირანმა მოაწერეს – ეს უკანასკნელი, მისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, თანხმობას აცხადებს თავისი ბირთვული აქტივობების შეზღუდვაზე.

ევროპელი მოკავშირეები: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია – ყველანი თანხმდებიან იმაში, რომ ამჟამინდელი შეთახმება საუკეთესო გზაა ირანის ბირთვული იარაღის შეძენის შესაჩერებლად და ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც იგივე პოზიცია აქვს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გააფრთხილა ტრამპი არ გამოვიდეს აღნიშნული შეთანხმებიდან. 

როგორც BBC იუწყება, ბორის ჯონსონი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს და კონგრესში საგარეო პოლიტიკის ლიდერებს შეხვდება.

აშშ-ში ვიზიტის დაწყებამდე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ გლობალურ საგარეო პოლიტიკაში „მჭიდროდ თანამშრომლობენ“ და ამის მაგალითად, სირიის ქიმიური იარაღის გამოყენებასა და სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე საპასუხო ზომების მიღება მოიყვანა.

„დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები ასევე გაერთიანებული ძალისხმევით უმკლავდებიან ირანის ისეთი სახის ქცევებს, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს უფრო მეტი საფრთხის შემცველ რეგიონად აყალიბებს – მის კიბერ ქმედებებს, მის მხარდაჭერას „ჰეზბოლას“ მსგავსი ჯგუფებისადმი, და მის სახიფათო ბირთვულ პროგრამას, რომელიც იემენში იარაღს აწვდის ჰუსიტების მილიციას“, დაამატა ჯონსონმა.

 

როგორ ვითარდება მოვლენები ირანის ბირთვული შეთანხმების გარშემო? 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მას შემდეგ რაც ორშაბათ საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც მისი თქმით, „ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას“, განაცხადა, რომ ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“.

პომპეომ აღნიშნა, რომ 2015 წელს ირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება დაფუძნებული იყო ტყუილზე და არა კეთილმოსურნეობაზე.

მან განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული 55 000 გვერდიანი დოკუმენტი აჩვენებს, რომ ირანმა მოატყუა მსოფლიო მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბირთვულ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებაზე განაცხადა უარი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ნეთანიაჰუს „ხალხის გასულელებაში“ „თვითერის“ მეშვეობით დასდო ბრალი.

თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან ინგლისურ ენაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აჩვენა, მისი სიტყვებით, საიდუმლო დოკუმენტების „ზუსტი ასლები“, რომლებიც თეირანში ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა.

„ეს ფაილები საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ირანი უტიფრად ტყუოდა, როცა ის აცხადებდა, რომ არასოდეს ჰქონდა ბირთვული იარაღის პროგრამა“, თქვა მან.

ნეთანიაჰუს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან.

„როიტერსის“ ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ამერიკა აღნიშნულ შეთანხმებაში და თუკი მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ განცხადებებს, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან თეთრ სახლში შეხვედრისას გაკეთებულ კომენტარებს დავეყრდნობით, დიდი ალბათობით იგი დატოვებს შეთანხმებას და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს მის ევროპელ მოკავშირეებსაც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

შეერთებული შტატების მოკავშირე დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც სხვა ევროპული მოთამაშეები, ეწინააღმდეგებიან ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას.

სალეჰიმ გააფრთხილა ტრამპი არ აიღოს შეთანხმებიდან გამოსვლის კურსი. „ირანი არ იტყუება… ტექნიკურად ჩვენ სრულად ვართ მომზადებული გავამდიდროთ ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ჩვენ მას ვაწარმოებდით შეთანხმების მიღწევამდე… ვიმედოვნებ, ტრამპი მოუხმობს გონებას და დარჩება შეთანხმებაში“, განაცხადა სალეჰიმ.

ირანის რეაქცია ნეთანიაჰუს განცხადების შემდეგ

ირანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ მინისტრმა ირანის საიდუმლო ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ ორშაბათ საღამოს განცხადება გააკეთა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ღასემიმ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომ თეირანი მისი ბირთვული ამბიციების შესახებ მოიტყუა, „გაცვეთილი, უსარგებლო და სამარცხვინოა“.

უფრო ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებული კომენტარები ტრამპის გადაწყვეტილებაზე – გამოვიდეს თუ დარჩეს ბირთვულ შეთანხმებაში – ზემოქმედების მოხდენას ემსახურებოდა.

ზარიფმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ძველი ბრალდებების გადამღერება იყო, რაზეც უკვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე გამოძიებას ატარებდა, პასუხი გასცა.