მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ირანთან დაძაბულობის გაზრდის გამო აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის

ირანთან დაძაბულობის გაზრდის შემდეგ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის.

ოფიციოზის განცხადებით, „The USS Arlington“-ი, რომელიც თვითმფრინავების და ზღვიდან ასაფრენი სხვა სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებას ემსახურება, „USS Abraham Lincoln“-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება ყურეში.

პენტაგონის განცხადებით, „US B-52“ ბომბდამშენებიც უკვე ყატარის ბაზაზეა განლაგებული.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯები რეგიონში განლაგებული შეერთებული შტატების ძალების წინააღმდეგ ირანის მიერ შესაძლო ოპერაციების საფრთხეებისადმი პასუხს წარმოადგენს.

თეირანმა ყურეში ამერიკული სამხედრო ძალების მობილიზებას „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა, რომლის მიზანიც ქვეყნის დაშინებაა.

BBC-ის ცნობით, ირანის ნახევრად ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტო „Isna“-მ გაავრცელა მაღალი რანგის ირანელი სასულიერო პირის, იუსუფ ტაბატაბაი-ნეჯადის ციტატა, სადაც იგი ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტი შესაძლოა, რომ „ერთი რაკეტით განადგურდეს“.

რა განაცხადა შეერთებულმა შტატებმა?

პარასკევს, პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს ირანთან კონფლიქტს, მაგრამ ვაშინგტონი მზადაა „დაიცვას შეერთებული შტატების ძალები და ინტერესები რეგიონში“.

„თავდაცვის დეპარტამენტი განაგრძობს ირანული რეჟიმის აქტივობების მკაცრად მონიტორინგს“, აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ სისტემა „პატრიოტი“ – რომელსაც შეუძლია ბალისტიკური და სხვა რაკეტების, მოწინავე საჰაერო ხომალდების შეკავება – ასევე განლაგებული იქნება, რათა ნებისმიერი შესაძლო თავდასხმა იქნეს მოგერიებული.

კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო ძალების განლაგება „მკაფიო და უშეცდომო გზავნილს გაუგზავნის“ ირანის რეჟიმს, რომ რეგიონში აშშ-ის ინტერესებზე ნებისმიერ თავდასხმას „დაუნდობელი ძალა უპასუხებს“.

აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის ცნობით, „The USS Abraham Lincoln“-მა სუეცის არხი ხუთშაბათს გაიარა.

BBC-ის დიპლომატიური და თავდაცვის კორესპონდენტი ჯონათან მარკუსი აცხადებს, რომ მაშინ როცა ავაიმზიდის და მისი საბრძოლო ჯგუფის ყურეში გაგზავნა არაჩვეულებრივი მოვლენა არ არის, აშშ-ის აღნიშნული ნაბიჯი წარმოშობს შიშებს, რომ ან შემთხვევით ან განზრახ რეგიონში შესაძლო კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას.

guardian.ge