საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით მოქალაქეებს შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით“

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს პიკის ეტაპს.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 სთ-დან, 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გვინდა ავუხსნათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა.

დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი ფაქტი და ჯამში 5 შემთხვევა. ასევე, საერთო ჯამში გვაქვს ინფიცირების 411 ფაქტი, აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად, პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნეულდეს ახალი ვირუსით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიუხედავად, ეტაპობრივად შემსუბუქდება შეზღუდვები, იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და პრემიერ მინისტრმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა წარადგინა ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, რომ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.

„მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო შტაბებზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა იმ დაწესებულებებისა და პირების ჩამონათვალი განმარტა, რომლებზეც საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ.

„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც მათ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ, ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის დაშვება ამ კონკრეტულ პირთა წრისთვის.

აღნიშნული ნებართვები გააჩნია – საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი”) გაწევის მიზნით თანამშრომლები:

მაგალითისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ მუშაობას აფთიაქები, რომელთაც აქვთ გადაადგილების ნებართვა და რომელთა რაოდენობა გახლავთ 2 835, მათ შორის 4 დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.

რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ქვეყანაში ნებართვით ფუნქციონირებს 5000 -ზე მეტი სასურსათო მაღაზია; ასევე, 1300 პურ-ფუნთუშეულის საცხობი, საწარმო, მაღაზია;

ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 300-ზე მეტი საავადმყოფო და მათი თანამშრომლები;

სამედიცინო მომსახურების გაწევის, ან მიღების მიზნით გადაადგილება;

ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები;

საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები;

შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;

ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება და ინკასაცია;

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;

საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება;

ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;

საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გადავსულიყავით დისტანციური რეჟიმით მომსახურებაზე, მაგრამ არიან ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ გადაადგილება ავტომობილით. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით.

ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ’, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა ასევე საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედი ცხელი ხაზის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებზე დაუკავშირდნენ მხოლოდ და მხოლოდ 144 , ხოლო 112-ს გადაუდებელი შემთხვევებისას.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რეგულაციის ამოქმედების პირველი 2 დღის განმავლობაში ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განსაკუთრებული აქტივობა მოჰყვება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის 144-ის ფუნქციონირება. გუშინ დღის განმავლობაში 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა აღნიშნულ ნომერზე და შესაბამისად სწორედ ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ 2 დღეს არის განსაკუთრებული აქტივობა და ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად, მივაწვდით ჩვენს თანამოქალაქეებს ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლის შემთხვევებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ იღებენ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას 144-ზე, ისინი მიმართავენ 112-ს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ 144 დავუკავშირდეთ ,ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არცერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები, როგორც მედიკოსებისთვის ასევე, პოლიციელებისთვის. მოგმართავ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ ცხელი ხაზი 144″, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მოქალაქეების უკეთ ინფორმირებისთვის, ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია შეზღუდვებთან, დღის ბოლომდე ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge-ზე აიტვირთება.

„მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, იმ პირების, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, მაგალითად კლინიკების თანამშრომლები თუ ექიმები, ფარმაცევტული ობიექტების თანამშრომლები, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები თუ სხვა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თავად ობიექტების ხელმძღვანელობას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი თანამშრომლების, თუ, თუნდაც იმ პაციენტების, ვინც მკურნალობდა მათ კლინიკაში და გაეწერება, დასაშვებია ყველა ამ პირის შეუფერხებელი გადაადგილება ავტომობილი., ამ ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, ეს პირობები გამოქვეყნდება, ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge დღის განმავლობაში ეს იქნება ამ ვებგვერდზე ატვირთული და თითოეულ თქვენგანს ექნება, რომ დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.