საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: „გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“

გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა. მანვე აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.