საქართველო

ირაკლი კოვზანაძე: ძალაში რჩება დაპირება, რომ 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ 30 ლარით იზრდება პენსია და 250 ლარს მიაღწევს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით მიიღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს, ანუ ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს პენსიების ზრდას, კერძოდ, 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისათვის დაგეგმილია 30-ლარიანი ზრდა.

„ვფიქრობ რამდენიმე საკითხი უნდა აღვნიშნო. კერძოდ, 1 იანვრიდან ჩვენ პენსიები 20 ლარით გავზარდეთ, ასევე ძალაში რჩება ის დაპირება, რომ 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ 30 ლარით იზრდება პენსია და 250 ლარს მიაღწევს. ასევე, ამ კანონპროექტით, 1 იანვრიდან ყველასთვის იზრდება პენსია. გათვალისწინებული იქნება ინფლაციის მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონპროექტი და მიმაჩნია, რომ ესეც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება და ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია“, განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.