საქართველო

ირაკლი კობახიძემ მთავარ ეროვნულ გამოწვევად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია დაასახელა

მთავარ ეროვნულ გამოწვევად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია დაასახელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გვჯერა, რომ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ ჩვენი მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება. ახლა ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელმაც ჩვენი დასავლელი მეგობრების ფართო მხარდაჭერა ჰპოვა. ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობისა და უსაფრთხოების სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.