ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი: ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა.

ნატოს მეთაურმა აღნიშნულს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მკაფიო თარიღი“ არ შეიძლება დასახელდეს როდის შეუერთდება შვედეთი სამხედრო ალიანსს – რადგან ეს თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიკაციაზე იქნება დამოკიდებული.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კარგი დღეა შვედეთისთვის“.

მანამდე, თურქეთი თვეების განმავლობაში ბლოკავდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას იმ მიზეზით, რომ მას ქურთი მებრძოლების მფარველობაში ადანაშაულებდა.

თურქეთს, როგორც ნატოს წევრი 31 ქვეყნიდან ერთ-ერთს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენსაც, გააჩნია ვეტოს გამოყენების უფლება ნებისმიერი ახალი აპლიკანტი სახელმწიფოს დასაბლოკად.

თემაზე კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ერდოღანის აღებულ ვალდებულებას „სწრაფი რატიფიკაციის“ შესახებ.

შვედეთი ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება ყველას უფრო უსაფრთხოს გახდის.

შვედეთმა და მისმა აღმოსავლელმა მეზობელმა ფინეთმა, ორივემ – ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით – თავიანთი განზრახვის შესახებ, შეერთებოდნენ ნატოს, გასული წლის მაისში განაცხადეს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა.

ამჟამად მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი არიან ნატოს წევრი ის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ მოუხდენიათ შვედეთის წევრობის განაცხადის რატიფიცირება. ბუდაპეშტის წინააღმდეგობის შესახებ კითხვაზე, სტოლტენბერგმა თქვა, რომ „უნგრეთმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი არ იქნებიან ბოლო, ვინც რატიფიცირებას მოახდენენ“. „ვფიქრობ, ეს პრობლემა მოგვარდება“, – დასძინა მან.

შვედეთის მიმართ მხარდაჭერამდე, პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის შვედეთის ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობაზე ანკარასთან გაყინული მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას დაუკავშირა, თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სასწრაფოდ უარყვეს მოთხოვნა და განაცხადეს, რომ ეს ორი განსხვავებული საკითხია. მაგრამ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნატომ თქვა, რომ შვედეთი აქტიურად დაუჭერს მხარს ძალისხმევას „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღორძინების მიზნით“ და ეს მოიცავს „ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას და ვიზალიბერალიზაციას“.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს გააკეთა, მაგრამ პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის დროს ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლამ გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ამასთან, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ადრინდელი პოზიციები, თურქეთის, როგორც მუსულმანური სახელმწიფოს დიდ ქრისტიანულ ოჯახთან მიერთების თაობაზე, ასევე დამაბრკოლებელი იყო.

მომზადებულია GUARDIAN.GE -ის მიერ