საქართველო

თქვენი ვიზიტი ნიდერლანდებში ნამდვილად ისტორიულია – მარკ რუტე

„გულთბილად მოგესალმებით ნიდერლანდებში და ჩემს მშობლიურ ქალაქ ჰააგაში. თქვენს ვიზიტს შეიძლება, ისტორიული ეწოდოს. მოვლენების შეფასებისას ამ სიტყვის გამოყენებას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებით, თუმცა თქვენი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი ვიზიტის ფორმატში პირველად ვმასპინძლობთ ნიდერლანდებში. თან, პრემიერ-მინისტრის რანგში ეს თქვენთვისაც პირველი ვიზიტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი პატივია დღეს ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა”, – უთხრა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გიორგი გახარიას.

“თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასეთი აყვავებული არასოდეს ყოფილა. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ. სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ ზრდაში და განხორციელებულ რეფორმებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტაბილურობა აჩენს შესაძლებლობებს, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ისეთი პროდუქცია მოიცვას, როგორიცაა აგრარული ნაწარმი. შემთხვევითი არაა, რომ უკვე ხუთი წელია აგრარულ სავაჭრო მისიებს ვაგზავნით საქართველოში.
დარგის მოწინავე მოთამაშეები გახლავართ და დიდი სურვილი გვაქვს, ცოდნა და ექსპერტული გამოცდილება გაგიზიაროთ იმ სფეროებში, სადაც ამის საჭიროებას დაინახავთ. ამგვარი ურთიერთობით ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს და კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს.
საქართველო ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს საერთო ფასეულობები გააჩნია, მათ შორისაა დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე ნაკისრი ვალდებულება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანდასახული მუშაობის შედეგად საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ ამიტომ არის ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი.
უსაფრთხოების სფეროშიც საერთო ინტერესები და გამოწვევები გვაერთიანებს. საბოლოო ჯამში უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი რეგიონების კეთილდღეობა მეტად ურთიერთდაკავშირებული სფეროებია.
ნიდერლანდები ძალიან აფასებს საქართველოსთან წლების განმავლობაში დამყარებულ თანამშრომლურ და წარმატებულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება მომავალში, არა მხოლოდ მთავრობების და ბიზნესწრეების დონეზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების დონეზე. გავიგე, რომ საქართველოში გადაღებული პოპულარული ჰოლანდიური სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში 60 პროცენტით იმატა ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჰოლანდიელი კითხვის მოყვარული ერი ნინო ხარატიშვილის შემოქმედებას გაეცნო და მშობლიურ ენაზე კითხვის შესაძლებლობა გაუჩნდა. აშკარაა, რომ ერთმანეთს ვეძებთ და ვპოულობთ ძალიან ბევრ სფეროში.
ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ ნიდერლანდებში ვიზიტისთვის, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება,“ – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.