საქართველო

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.

ცესკოს ცნობით, სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.


აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურადაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.