საქართველო

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები – ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო.

აღნიშნული სამუშაოები, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.