აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, რომელიც მის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანამდებობიდან დაითხოვა

ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ BBC ქვეყნის ინფორმაციის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.

ინფორმაციის მინისტრმა, საიმონ კაია მოიომ განაცხადა, რომ მნანგაგვამ „ღალატის ნიშნები“ აჩვენა.

როგორც BBC იუწყება, მისი თანამდებობიდან გადაყენება უფრო მოსალოდნელს ხდის, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ცოლი გრეის მუგაბე მისი მეუღლის კვალს გაჰყვეს და ზიმბაბვეს ლიდერი გახდეს.

უფრო ადრე, გრეის მუგაბემ მოუწოდა მის მეუღლეს, რომ ვიცე-პრეზიდენტი პოსტიდან დაეთხოვა.

75 წლის მნანგაგვა, სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად სახელდებოდა და სწორედ მას მოიაზრებდნენ პრეზიდენტ მუგაბეს შემცვლელად.

მისი დათხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალბატონმა გრეის მუგაბემ დაიკავოს და მის დანიშვნას მომავალ თვეს მმართველი „ზანუ PF-ის“ პარტიის სპეციალურ ყრილობაზე უნდა ველოდოთ.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაზეთის, „ჰერალდის“ თანახმად, უფრო ადრე, ქალბატონმა მუგაბემ მოუწოდა პარტიას გადაეყენებინათ მნანგაგვა.

კვირას, დედაქალაქ ჰარარეში, მიტინგზე, ადგილობრივი საეკლესიო ჯგუფებისადმი მიმართვისას ქალბატონმა მუგაბემ თქვა: „გველს თავი უნდა გაუჭეჭყო. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ნამდვილ გველს პარტიის უთანხმოებების და განხეთქილების უკან. ჩვენ ყრილობაზე წარვსდგებით როგორც ერთიანი პარტია“.

გრეის მუგაბე, „ზანუ PF-ის“ ქალთა ლიგის ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატებად მოიაზრებოდნენ იმ დროისთვის, როცა რობერტ მუგაბე თანამდებობას დატოვებდა ან გარდაიცვლებოდა.

93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს ხელისუფლებაში 1980 წლის შემდეგ იმყოფება. იგი პრეზიდენტად 1987 წელს აირჩიეს, მანამდე კი, 7 წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტი ეკავა. იგი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

სადღეისოდ კი, რობერტ მუგაბე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მმართველია.

GUARDIAN.GE