საქართველო

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

მინისტრმა ისაუბრა სპეციალურ სავაჭრო მოედნებზეც, რომელიც ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.