ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი: წლებია, ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ ღიაა NATO-ს კარი წევრობისთვის, მაგრამ ახლა გვესმის, რომ ვერ შევდივართ

იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი, უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია.

„წლებია, ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ ღიაა კარი (ნატოს წევრობისთვის), მაგრამ ახლა გვესმის, რომ ვერ შევდივართ. და ეს სიმართლეა და ეს უნდა იყოს აღიარებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და ეყრდნობა საკუთარ თავს და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის გაერთიანებული საექსპედიციო ძალის ლიდერებთან ვიდეო მიმართვისას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ესწრებოდა.

„ალიანსის ზოგიერთ სახელმწიფოს შეეშინდა და თქვა, რომ პასუხს ვერ გასცემენ. რომ უკრაინის ცაზე რუსულ რაკეტებსა და თვითმფრინავებს ვერ შეეჯახებიან. რადგან, მათი თქმით, ეს გამოიწვევს ესკალაციას, გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. და რას იტყვიან, თუ რუსეთი უფრო შორს წავა ევროპაში, თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს? დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვიან, რასაც ამბობენ უკრაინაზე. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც ახლა. ეს მხოლოდ ჩვენი აზრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იგი აცხადებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „უფრო რეალისტურად ჟღერს, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო“ გარღვევის მისაღწევად.

თავის „ფეისბუქის“ ბოლო ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ რუსეთზე გამარჯვება მოითხოვს უკრაინის ყველა მოქალაქის მუშაობას, მათ შორის მოლაპარაკებების ჯგუფის, რომელიც ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს Zoom-ის საშუალებით. მოლაპარაკებები ოთხშაბათს უნდა გაგრძელდეს.

უკრაინელმა მომლაპარაკებელმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს იყო „ფუნდამენტური წინააღმდეგობები“, მაგრამ „რა თქმა უნდა, სივრცეც კომპრომისისთვის“.

guardian.ge