ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა ჯარების აღმოსავლეთ უკრაინაში შეყვანის ბრძანება გასცა

კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების ეგიდით უნდა განლაგდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა და უკრაინის საზღვრები დარჩება ისე, როგორც ეს დღესაა, იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებები კეთდება რუსეთში.

მოსკოვის განცხადებით, აჯანყებულების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინიდან 60 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში დარჩენილი დიპლომატები „უსაფრთხოების მიზეზით“ პოლონეთში გადაჰყავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში გადასული დიპლომატები უსაფრთხოები მიზნით, ღამეს პოლონეთში გაათევენ.

ათასობით რუსი ჯარისკაცი რჩება ბელარუსში ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ოფიციალურმა მინსკმა წვრთნების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რაც მის დასავლეთ საზღვართან სამხედრო ქმედებების გაზრდით ახსნა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ჯარების პირვანდელ დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიყვანს თუ არა ნატოს სამხედრო ალიანსი თავის ჯარებს, რომლებიც ბელარუსის და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არიან დაბანაკებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ხუთშაბათს, ჟენევაში იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება.

მოსკოვს სურს დასავლეთის მყარი გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და არასდროს მიეცემა უკრაინას და სხვა ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საშუალება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, აღმოსავლეთ უკრაინაში „სამშვიდობო ძალების“ განლაგების თაობაზე, „სისულელე“ უწოდა. უფრო ადრე, ანალოგიური სიტყვით – „სისულელე“ – შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაზე, დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება – აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულების მიერ 2014 წელს დაკავებული ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და გააფრთხილა მოსკოვი, რომ შედეგები უკიდურესად საზარელი იქნება როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

guardian.ge