ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა კრემლის დიდ დარბაზში ფიცი დადო და პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის დიდ დარბაზში ფიცი დადო.

ფიცის დადებით, პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ, 6-წლიანი ვადით არჩეული ვლადიმერ პუტინი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე საქმიანობას შეუდგა.

ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ.

„რუსეთი იქნება ძლევამოსილი, ხოლო ადამიანები უკეთ იცხოვრებენ“, განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება გარღვევები ყველა სფეროში.

„ჩვენ გვჭირდება გარღვევები ცხოვრების ყველა სფეროში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნახტომი შესაძლებელია, რომ მხოლოდ თავისუფალმა საზოგადოებამ უზრუნველყოს“,  განაცხადა პუტინმა.

18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს ნდობა რუსეთის ამომრჩეველთა 76-ზე მეტმა პროცენტმა გამოუცხადა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს.

პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვში მომიტინგეებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა „აღიარეს ბოლო ხუთი წლის მიღწევები“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან სიცილი დაიწყო მისადმი დასმული შეკითხვის შემდეგ, იყრიდა თუ არა კიდევ კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რასაც თქვენ ამბობთ, ცოტა მხიარულ ნოტაზე დამყენებელია. როგორ ფიქრობთ, მე აქ 100 წლამდე ვიქნები? არა!“, თქვა პუტინმა.

მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინი გავიდა. მან ხმების 12% მიიღო.

ვეტერანმა ნაციონალისტმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხმების 6%-ზე ნაკლები, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი 2%-ზე ნაკლები მიიღო.

ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოდა: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.

პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსეი ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.