ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა აშშ რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია როგორც საბაბი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იგნორირებას უწევს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ალიანსის ძალებთან დაკავშირებით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა: „მეჩვენება, რომ შეერთებული შტატები არ არის იმდენად შეშფოთებული უკრაინის უსაფრთხოებით… მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა რუსეთის განვითარების შეკავება. ამ გაგებით, თავად უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად“.

პუტინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო მოსკოვის შეშფოთება რუსეთის მოთხოვნებზე უსაფრთხოების კანონიერი გარანტიების შესახებ, მათ შორის ნატოს სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაბლოკვის თაობაზე. მისი შეფასებით, თუკი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილის დაკმაყოფილება მოხდება, ამან შესაძლოა სხვა წევრების რუსეთთან ომში ჩათრევა გამოიწვიოს.

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა არის ნატოს წევრი და [ყირიმის დასაბრუნებლად] სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რა იქნება? – ნატოსთან ვიბრძოლებთ? ვინმეს უფიქრია ამაზე? ჩანს, რომ არა“, – თქვა პუტინმა.

მოსკოვი ადანაშაულებს უკრაინის მთავრობას მშვიდობის აღდგენის საერთაშორისო შეთანხმების შეუსრულებლობაში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სულ მცირე 14000 ადამიანი დაიღუპა და ტერიტორიის უდიდეს ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ რუსული შეჭრა „არ იქნება ომი უკრაინასა და რუსეთს შორის – ეს იქნება ომი ევროპაში, სრულმასშტაბიანი ომი“.

უკრაინაში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადანაშაულა პუტინი იმაში, რომ ფაქტობრივად „უკრაინის თავთან იარაღი აქვს მიბჯენილი“ და მოუწოდა კრემლს უკან დაიხიოს „სამხედრო კატასტროფისაგან“.

კიევში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის არმია უპასუხებს რუსეთს, შეჭრის შემთხვევაში.

„უკრაინაში 200 000 მამაკაცი და ქალია იარაღით ხელში. ისინი ძალიან, ძალიან სასტიკ და საშინელ წინააღმდეგობას გასწევენ და ვფიქრობ, მშობლები, დედები რუსეთში უნდა დაფიქრდნენ ამ ფაქტზე. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი უკან დაიხევს კონფლიქტისკენ მიმავალი გზიდან და ჩვენ დიალოგში ჩავერთვებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან გააფრთხილა მოსკოვი, რომ გაერთიანებული სამეფო უპასუხებს რუსეთის აგრესიას „სანქციების პაკეტით და სხვა ზომებით, რომლებიც ამოქმედდება იმ წუთებიდანვე, როგორც კი პირველივე რუსული ჩექმა გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ 88 მილიონ ფუნტ სტერლინგს (119 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს უკრაინას, რუსეთისგან სტაბილური მმართველობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის.

guardian.ge