საქართველო

[ვიდეო] ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციის შეხვედრის ვიდეოკადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრის და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე და მას ექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და შემდგომ ნაბიჯებზე საზოგადოებას თავიანთ პოზიციას აცნობებენ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას და ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება… ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მე რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენს პოზიციას.

„ასევე, მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, რომელიც ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს – საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.