საქართველო

ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით ქართული მხარე არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ახალი მანდატის ლეგიტიმურობას

“2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.

ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.