საქართველო

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.

„მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტს საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან,  თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. განხილული იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ რეგიონებში არსებულ  უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ  მდგომარეობაზე. ასევე,  ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობას.  შეხვედრისას მინისტრების მიერ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობა,  ომით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნით.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა  საქართველოს  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“ -აღნიშნა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით,  ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიზაციის პროცესში, რაზეც მეტყველებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აქტიური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, ასევე, თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, საქართველოში მედია გარემოს განვითარების მიზნით, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან – ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.