ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა – კარლეს პუჩდემონმა კი კატალონია დატოვა და შესაძლოა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი კი ბელგიაში იმყოფება, როგორც ეს მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა, პოლ ბაკერტმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იგი მიმალვას არ აპირებს, თუმცა ადვოკატი არ უარყოფს, რომ პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფრის მიღება მოითხოვოს.

როგორც BBC იუწყება, ესპანეთის მთავარმა პროკურორმა პუჩდემონისა და კატალონიის უკანონო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მომწყობი სხვა ორგანიზატორების მიმართ აჯანყების ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოწოდება გააკეთა.

მას შემდეგ რაც 27 ოქტომბერს რეგიონის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყარა კენჭი, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა; კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დააწესა; დათხოვნილი ოფიციალური პირები შეცვალა; კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებამდე კი, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება, რეგიონის დროებით მმართველად პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის მოადგილე დანიშნა.

ბაკერტმა განაცხადა, რომ პუჩდემონი ახლა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება.

„მას იქ ყოფნის სრული უფლება აქვს, ამ დროისთვის მის წინააღმდეგ არავითარ ქმედებას არ აქვს ადგილი“, უთხრა მან ფლამინდიურ რადიოს. შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა პუჩდემონი ბელგიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვას, ადვოკატმა უპასუხა: „ჩვენ ყველა არჩევანს განვიხილავთ – არაფერია გადაწყვეტილი“.

ბელგიის იმიგრაციის მინისტრმა, თეო ფრანკენმა უქმეებზე განაცხადა, რომ თავშესაფრის აპლიკაცია „არ არის არარეალისტური“, მაგრამ პრემიერ მინისტრმა, ჩარლზ მიშელმა მოგვიანებით თქვა, რომ ეს საკითხი „აბსოლუტურად არ დგას დღის წესრიგში“.

ფრანკენმა, რომელიც სეპარატისტული ფლამინდიური ალიანსის პარტიის (N-VA) წევრია, გასულ კვირას განაცხადა, რომ კატალონიის მინისტრებს შეუძლიათ ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართონ და დააამტა, რომ მას აქვს ეჭვები იმის შესახებ, რომ პუჩდემონის და სხვების მიმართ ესპანეთში სამართლიანი სასამართლო პროცესი გაიმართოს.

როგორც BBC იუწყება, ბელგიაში პოლიტიკური კომენტატორები ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რომ ფრანკენის ადრინდელი კომენტარები შესაძლოა აღქმული იყოს კატალონიის პარლამენტის ყოფილი წევრების დაპატიჟებად ბელგიაში იმისათვის, რომ იქ მათ თავშესაფრის მიღება მოითხოვონ.

ესპანური მედიის ცნობით, პუჩდემონი ბელგიაში კატალონიის ხუთ დათხოვნილ მინისტრთან ერთად იმყოფება.

GUARDIAN.GE