მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესება არ გამორიცხა

 

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რაჰოიმ კატალონია გააფრთხილა, რომ მან შესაძლოა პირდაპირი მმართველობა დააწესოს რეგიონზე.

 

რაჰოიმ განაცხადა, რომ მან სთხოვა კატალონიის ლიდერს, კარლეს პუჩდემონს დაედასტურებინა, გამოაცხადა თუ არა დამოუკიდებლობა.

 

როგორც BBC იუწყება, ეს არის პირველი ნაბიჯი 155-ე მუხლის ამოქმედებისკენ, შეჩერებულ იქნეს კატალონიის ავტონომიის სტატუსი.

 

 

პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი სამშაბათ საღამოს მოაწერა, მაგრამ მისი განხორციელება რამდენიმე კვირით შეაჩერა, რათა ესპანეთის მთავრობასთან საერთაშორისო შუამავლის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართოს.

 

რაჰოიმ პუჩდემონს „განზრახ დაბნეულობის“ შექმნაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მას სურს აღადგინოს „სამართლიანობა“.

 

მოიშველია რა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ის სთავაზობს „მოქალაქეებს სიცხადეს და უსაფრთხოებას“.

 

„არსებობს დაუყოვნებელი საჭიროება დასრულდეს სიტუაცია, რომელშიც კატალონია იმყოფება – დაუბრუნდეს იგი უსაფრთხო, მშვიდ და წყნარ მდგომარეობას და გააკეთოს ეს, რაც შეიძლება სწრაფად“, განაცხადა მან.

 

ესპანეთის მთავრობა კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მიერ ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს.

 

უფრო ადრე, ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ პუჩდემონი აღწერა, როგორც ისეთი პიროვნება, რომელმაც „არ იცის სად არის, და საით მიდის“.

 

პუჩდემონმა თქვა, რომ მადრიდისაგან გამოყოფა „ხალხის სურვილი“ იყო, მაგრამ მან ასევე ისიც თქვა, რომ მას საკითხის გარშემო დაძაბულობის „დეესკალაცია“ სურდა.

 

„მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს აღიარონ კატალონიის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, განაცხადა მან, მაგრამ დაამატა:

 

„გთავაზობთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის შედეგების შეჩერებას, რათა გაიმართოს მოლაპარაკებები მომდევნო კვირების განმავლობაში, რომლის გარეშეც არ არის შესაძლებელი შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ“, უთხრა პუჩდემონმა პარლამენტარებს, რის შემდეგაც მან და კატალონიის სხვა ლიდერებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, მაგრამ როგორც BBC წერს, მკაფიო არ არის, აქვს თუ არა დეკლარაციას რაიმე კანონიერი სტატუსი.

 

ბარსელონაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მხარდამჭერები პუჩდემონის თავდაპირველ კომენტარებს მოწონებით და შეძახილებით შეხვდნენ, მაგრამ ბევრმა იმედგაწბილება გამოხატა მას შემდეგ, რაც მან მისი პოზიცია მკაფიოდ გააცხადა.

 

მადრიდში, ესპანეთის ვიცე პრემიერმა, სორაია საენზ დე სანტამარიამ უარი განაცხადა პუჩდემონის მიერ საერთაშორისო შუამავლის მეშვეობით მოლაპარაკებების წინადადების მიღებაზე.

 

„არც ბატონ პუჩდემონს და არც სხვა ვინმეს შეუძლია მოითხოვოს… შუამავლობის დაკისრება“, განაცხადა მან.

 

„მას შემდეგ რაც კატალონია, მისი ისტორიის განმავლობაში უდიდესი დონის დაძაბულობაში გახვია, პრეზიდენტმა პუჩდემონმა ახლა მისი ავტონომიური რეგიონი უდიდესი დონის გაურკვევლობის წინაშე დააყენა.

 

„სიტყვა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს წარმოთქვა, არის იმ პიროვნების სიტყვა, რომელმაც არ იცის სად არის, სად მიდის და არც ის, თუ ვისთან უნდა იაროს“, განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარის ციტირებასაც BBC ახდენს.

 

ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა რაფაელ კატალამ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომ რეფერენდუმი არაკანონიერი იყო და მისი შედეგები ძალადაკარგულია.

 

GUARDIAN.GE