საქართველო

ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, მისი მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში შუამავლის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის.

„ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, მისი მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის.

ამგვარი ნაბიჯები რეგიონის ხალხებს უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.