ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაახანგრძლივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 15 აპრილამდე იყო გამოცხადებული, 11 მაისამდე გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების ნიშნებია.

„იმედი გვიბრუნდება, მაგრამ არაფერია გარკვეული“, განაცხადა მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას. მან აღიარა, რომ საფრანგეთის მთავრობა არ იყო მომზადებული კრიზისისთვის და დაადასტურა, რომ საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობების მიწოდების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.

მაკრონმა ასევე თქვა:

საფრანგეთის საზღვრები შემდგომი განცხადების გამოცხადებამდე ჩაკეტილი იქნება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის;

რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დარჩება დაკეტილი და ფესტივალები ვერ ჩატარდება ივლისის შუა რიცხვებამდე;

სკოლები, კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები თანდათანობით გაიხსნება 11 მაისიდან;

ყველა ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ექნება, 11 მაისიდან ტესტირება ჩაუტარდება;

თავის ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საფრანგეთი დააჩქარებს კვლევას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის განვითარების კუთხით.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისაგან 574 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც მსხვერპლის საერთო რაოდენობა 15,000-მდე გაზარდა.

GUARDIAN.GE